ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია.
როგორც კანდელაკმა "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ჩვენს რეგიონზეც დიდი გავლენა ექნება.
"ამ ყველაფერს ექნება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შედეგები, ჩვენს რეგიონზეც. ბევრი უპირატესობა აქვს ბელარუსს. თუ ეს ტრანსფორმაცია წარმატებული იქნება, ის შედარებით მალე შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი. იქ არ არის კორუფცია, იქ მუშაობს ინდუსტრია და ბევრი ინვესტიციები წამოვა. ამ უზარმაზარ ტრანსფორმაციას უზარმაზარი გავლენა ექნება რუსეთზეც", - განაცხადა კანდელაკმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები რუსეთზეც აისახება და ოფიციალური მოსკოვის პროპაგანდას "დაასამარებს".
"რუსეთს ახლა არ აქვს კარგი ვარიანტები. რატომ მოახდენს რუსეთზე გავლენას - იმიტომ , რომ ბელარუსის დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ უკვე დაამტკიცა, რომ ის მითი, რასაც ემყარება პუტინის ხელისუფლება, რომ სრულფასოვანი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ამ სივრცეზე, რომელზეც ერთ დროს ბატონობდა საბჭოთა კავშირი, ბოროტების იმპერია, შეუძლებელია. რუსული პროპაგანდის მიერ შეთხზული მითი ის არის, რომ ეს პრინციპები მართლმადიდებლურ ქვეყნებში ვერ იმუშავებს. ბელარუსი ხალხის დაკვეთა არის დამოუკიდებლობა. არავის უჭირავს ბელარუსის ამჟამინდელი დროშა. დროშა, რომელიც უჭირავთ, არის ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშა", - ამბობს კანდელაკი.
ის მიიჩნევს, რომ ბელარუსში ისტორიული გარდატეხა მოხდა და ქვეყანაში დაწყებული ტრანსფორმაცია უკვე წარმატებულია.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანსფორმაცია გაფორმდება უახლოეს მომავალში. თამაშმა: "მე თუ არ ვიქნები ომი იქნება", "მე თუ არ ვიქნები, სისხლისღვრა იქნება", უკვე კრახი განიცადა. ამის აღარავის სჯერა", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს.
16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება.